დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ჩატარდა
19 სექტემბერი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის კორპორატიული ტრენინგი - „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ ჩატარდა.
ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა და მას ცენტრის 17 თანამშრომელი ესწრებოდა. მათ შორის, აჭარისა და იმერეთის სამმართველოს 4 თანამშრომელი ტრენინგს დისტანციურად დაესწრო.
სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს ეცნობიან. თეორიულ მასალასთან ერთად, სასწავლო კურსი დატვირთულია პრაქტიკული მაგალითებით.
სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვება. ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თემის აქტუალობიდან გამომდინარე ტრენინგების კატალოგში მიმდინარე წელს დაამატა და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მეხუთე ჯგუფი გადაამზადა.