ელექტრონული კურსის აკრედიტაცია „საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებზე"
30 ივნისი, 2023სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების“ ელექტრონული კურსების აკრედიტაცია 5 წლის ვადით მიიღო.
სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი გახდა პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელმაც საბაზისო პროგრამების - „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსის“ ელექტრონულ ფორმატში განხორციელების უფლება მოიპოვა.
„მოხელის მენეჯერული უნარები“ განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეთათვის. პროგრამა შედგება 5 მოდულისგან და მისი საერთო ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35.45 აკადემიური საათით.
„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის. პროგრამა შედგება 4 მოდულისგან და მისი საერთო ხანგრძლივობა განსაზღვრულია 24 აკადემიური საათით.
საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების საკლასო ფორმატში განხორციელების უფლება სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა 2019 წელს მოიპოვა. 2019 წლიდან დღემდე სასწავლო პროგრამების − „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსის“ ფარგლებში 883 საჯარო მოხელე გადამზადდა.