მუნიციპალიტეტებისთვის პროფესიული ტრენინგების პროგრამა დაიწყო
23 ოქტომბერი, 2019საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისთვის პროფესიული სასწავლო კურსის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
პროგრამა გაიხსნა შიდა აუდიტის ტრენინგით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისში, აჭარისა და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების 20-ზე მეტი საჯარო მოხელის ჩართულობით მიმდინარეობს.
სასწავლო კურსის მიზანია შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რისკზე დაფუძნებული მიდგომების განხილვა და შიდა სამართლებრივი რეგულაციების შესწავლა.
სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალებზე. სასწავლო კურსის მიზანია ამ ხარვეზების პრევენცია.
ტრენინგს უძღვება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი, რომელსაც შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი პროფესიული ტრენინგების სასწავლო კურსს ყველა მუნიციპალიტეტისთვის ჩაატარებს.
