რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის პიროვნული განვითარების ტრენინგი ჩატარდა
23 მაისი, 2022რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პიროვნული განვითარების, გუნდური შეჭიდულობისა და გუნდის მართვის გასვლითი ტრენინგი ჩაატარა.
სასწავლო კურსი რუსთავის მერიის 20-მა თანამშრომელმა გაიარა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე მრავალფეროვან პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მოწვეული ტრენერები - პიროვნული განვითარების კონსულტანტი ანინა ლელაძე, კარბონის ფინანსების სპეციალისტი და მართვის კონსულტანტი ოთარ ანთია და ბიზნეს-კონსულტანტი ანდრო დგებუაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგის პირველი ნაწილი დაეთმო ლიდერობის როლს გუნდის მართვასა და მოტივაციაში, ემოციურ ინტელექტს და ემპათიას, რაც პიროვნული განვითარების კონსულტანტმა ანინა ლელაძემ როლური თანაშებით და პრაქტიკული აქტივობებით გაამრავალფეროვნა.
ტრენინგის მეორე ნაწილში მართვის კონსულტანტმა ოთარ ანთიამ მონაწილეებს გააცნო მენეჯერის ძირითადი ფუნქციები, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მათთან ერთად პრაქტიკულად განახორციელა დაგეგმვის სრული პროცესი.
ტრენინგის დასკვნითი ნაწილი დაეთმო პიროვნული განვითარების საკითხებს, რომლებიც ბიზნეს-კონსულტანტმა ანდრო დგებუაძემ სხვადასხვა ფილოსოფიურ-სოციოლოგიური თეორიის მაგალითებით წარმოადგინა და ტრენინგის მონაწილეებთან ერთად ინტერაქციულ რეჟიმში განიხილა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი რუსთავის მუნიციპალიტეტთან კორპორაციული თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთ გასვლით ტრენინგს გეგმავს თანამშრომელთა მეორე ნაკადისთვის.