სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგკურსში მონაწილეობისთვის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ
09 ივნისი, 2023პროფესიული განვითარების გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების ორგანიზებას.
წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა გეგმით გათვალისწინებული რამდენიმე ტრენინგკურსი გაიარეს: ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში; რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში; პროგრამული ბიუჯეტირება; საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად; რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი; Microsoft Excel (Advance); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი.
პროფესიული განვითარების გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 48 თანამშრომელი გადამზადდა, რომლებსაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტისაგან შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს სასწავლო პროგრამებს საჯარო ფინანსების მართვის, აუდიტის, პროფესიული და ტექნიკური (soft) უნარების, პროექტების მართვის, საოფისე პროგრამებისა და სხვა მიმართულებებით.