„საჯარო სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების“ ტრენინგი
15 იანვარი, 2018„საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ „საჯარო სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების“ სასწავლო კურსი დაიწყო.
სწავლების მიზანია მსმენელებს მისცეს საჯარო მართვის ეფექტურად და პროდუქტიულად განხორციელების საბაზისო ცოდნა, რომელიც მენეჯმენტის ამერიკული სკოლის თანამედროვე სწავლებაზეა დაფუძნებული.
6 კვირიანი კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასახონ რეალისტური ეფექტიანი მართვის სტრატეგიები, გაანალიზონ პროდუქტიულობის გაუმჯობესების ინიციატივები და ამით ხელი შეუწყონ საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესს.
აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას. სასწავლო კურსს უძღვება ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება“ ექსპერტი გიორგი ალასანია.
„საჯარო აუდიტის ინსტიტუტს“ მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს ასევე საჯარო ფინანსების მართვასა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სწავლებები.
„საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებას, რომელიც ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირებას, უზრუნველყოფს სხვადასხვა სასწავლო კურსების შემუშავებასა და ჩატარებას, რითაც ხელს უწყობს საჯარო სფეროში მომუშავე აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
„საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ მთავარი მიზანია აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით აუდიტების ხარისხის გაუმჯობესება და მაღალი სტანდარტის აუდიტორული დასკვნების მომზადების ხელშეწყობა.
კურსის შინაარსი
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- პროდუქტიულობის ცნება, პროდუქტიულობა საჯარო სექტორში და ეფექტიანობის მიმდინარეობების მოკლე ისტორია;
- ეფექტიანობის გაზომვის ძირითადი პრინციპები;
- ეფექტიანობის გაზომვის პრობლემატიკა;
- ეფექტიანობის გაზომვის დანერგვა;
- ეფექტიანობის მართვის დოქტრინა;
- შედარებითი ეფექტიანობა
- STAT მიდგომები ეფექტიანობის მართვაში: კომპსტატი, სითისტატი, და სხვ.
- მოტივაცია
- სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობა
- ანალიტიკური ტექნიკა საჯარო სექტორში
კურსის დიზაინი
კურსის შინაარის უკეთ ათვისების მიზნით, სწავლების პროცესში მსმენელებს მოეთხოვებათ საკურსო მასალების წინასწარ გაცნობა, ლექციებზე დასწრება, აქტიური ინტერაქცია, და მოკლე წერილობითი დავალებების შესრულება.
საკურსო ლიტერატურის დიდი ნაწილი ინგლისურენოვანია. დაინტერესებული მსმენელებისათვის დამატებით ხელმისაწვდომია რეკომენდირებული საკითხავი.
ლექციებზე ინტერაქციის მიზანია სემინარის ელემენტის ჩართვა ლექციის მიმდინარეობაში, როდესაც მსმენელს მოეთხოვება საკუთარი ცოდნის, მოსაზრების, შეხედულების, ან გამოცდილების გაზიარება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხვა დამსწრე მსმენელებისათვის.
მოკლე წერილობითი დავალებები შეეხება განვლილი საკურსო მასალის ირგვლივ პრაქტიკული დავალებების შესრულებას, რაც გულისხმობს ანალიტიკური ამოცანების ამოხსნასა და თეორიის პრაქტიკაში გამოყენებას.
მსმენელთა შეფასება
მსმენელთა მიერ მიღებული ცოდნის შესაფასებლად გამოიყენება აკუმულირებული ქულების (პროცენტების) ჯამი, რომლებსაც მსმენელები მიიღებენ ცალკეული დავალებების შესრულებაში. კერძოდ, ქულები განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
- 30% - ლექციებზე მომზადებული დასწრება
- 20% - ეფექტიანობის გაზომვის დავალება
- 20 % - ეფექტიანობის გაზომვის მაგალითის მოკლე კრიტიკული ანალიზი
- 30 % - ადმინისტრაციული ანალიზი
ეთიკა
მსმენელებს მოეთხოვებათ ორგანიზებული და პასუხისმგებლობით მიდგომა სწავლის პროცესისადმი, ლექციებზე კონცენტრაცია, სხვათა აზრებისა და განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემა, კონსტრუქციული კრიტიკა, და დამოუკიდებელი მუშაობა დავალებების შესრულებაზე.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 15 იანვარი - 22 თებერვალი. 2018 წელი.


