საჯარო აუდიტის ინსტიტუტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

31 მარტი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დისტანციური სწავლების მეთოდით პირველი ტრენინგები დაიწყო.  

„საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“ (სსბასს - IPSAS) ტრენინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გადიან. 

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტზე, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებები 2020 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდნენ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ  ქვეყანამ სსბასს-ის იმპლემენტაციის პროცესში გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა საკმაო მოცულობის სამუშაო კვლავაც შესასრულებელია, განსაკუთრებით ავტონომიურ და მუნიციპალურ დონეზე, სადაც სსბასს-ის დანერგვის პროცესი მეტ ძალისხმევას მოითხოვს.  

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“ სასწავლო კურსი უკვე ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში და სსბასს სტანდარტები  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს.  

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“  ტრენინგკურსს უძღვება თავისუფალი უნივერსიტეტის ფინანსების მართვისა და აღრიცხვის პროფესორი ლია ნადიბაიძე, რომელიც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ექსპერტია.  

ტრენინგი USAID-ის პროექტის „კარგი მმართველობის ინიციატივის (Good Governance Initiative - GGI)“ ფარგლებში მიმდინარეობს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ასევე მუშაობს სხვა ტრენინგპროგრამების ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე ინტეგრირებისთვის.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია