საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამები 2020 წელს 727-მა პირმა გაიარა

22 დეკემბერი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით, წლის განმავლობაში ჩატარდა 20-მდე ტრენინგკურსი და საჯარო აუდიტის სასერტიფიკაციო პროგრამის სამი სესია; 43 ჯგუფში  სასწავლო პროცესს დაესწრო 727 პირი.

სასწავლო კურსები მოიცავდა ორგანიზაციული და საჯარო მმართველობის გაუმჯობესების ხელშემწყობ საკითხებს, მათ შორის: სახელმწიფო შესყიდვები, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS), ადამიანური რესურსების მართვა, შიდა აუდიტი, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და სხვ.

242-მა საჯარო მოხელემ გაიარა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამები, მათ შორის, 73 გადამზადდა მენეჯერული უნარების და 169 პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით. ამ პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველად გაიმარჯვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცხადებულ სატენდერო კონკურსში. კონკურსის შემდეგ ინსტიტუტი ჩაერთო პროექტში - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის ფარგლებში რეგიონების 37 მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურების თანამშრომლებს  ჩაუტარეს ტრენინგი: „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი.“ 

ინსტიტუტმა პირველად განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 30-ზე მეტმა აუდიტორმა კომპეტენციების განვითარების ტრენინგები გაიარა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში ბოლო პერიოდის გამოწვევებისადმი თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. 

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის სესიები ჩატარდა, რომელსაც ჯამში დაესწრო 62 მსმენელი, რომელთაგან საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი 16-მა მიიღო.

უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში, შეღავათიანი პირობების შესაბამისად, ტრენინგკურსები გაიარა 6-მა სტუდენტმა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა გადაამზადა 20 სტაჟიორი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია