საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისთვის ტრენინგების ახალი პროექტი დაიწყო
12 ოქტომბერი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რეგიონების 36 მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისათვის ახალი ტრენინგკურსი დაიწყო, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.
მსმენელები შიდა აუდიტის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს, თანამედროვე მიდგომებსა და ტექნიკებს შეისწავლიან. ტრენინგკურსი დატვირთულია როგორც ლექცია-პრეზენტაციებით, ასევე პრაქტიკული სამუშაოებით.
პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამას საერთო ჯამში მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სამსახურების 75 თანამშრომელი გაივლის.
პროექტის მონაწილეებს პირველ სასწავლო ტრენინგზე გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა მიმართეს.
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ გაიცემა რეკომენდაციები ტრენინგის გრძელვადიანი შედეგების წარმოსაჩენად და დაიგეგმება ვორკშოპები. ვორკშოპები დაეხმარება ტრენინგის მონაწილეებს ერთმანეთს გაუზიარონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება შიდა აუდიტორთა ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც საკონსულტაციო როლს შეასრულებს სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი აუდიტორებისთვის.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერა პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.