საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისათვის შიდა აუდიტის ტრენინგის პროექტი დაასრულა
15 დეკემბერი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ პროექტი დაასრულა.
პროგრამის ფარგლებში ტრენინგკურსი 37 მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურების 76-მა თანამშრომელმა გაიარა.
პროექტის პირველ ეტაპზე მსმენელებმა შიდა აუდიტის თემებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოდული გაიარეს, მეორე ეტაპი სამუშაო შეხვედრას და მიღებული ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა.
სამუშაო შეხვედრაზე სამი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გავლილი ტრენინგმასალების დახმარებით პრეზენტაციები წარადგინეს. თელავის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის საპრეზენტაციო თემა იყო: „ინსპექტირებისა და შიდა აუდიტის გამიჯვნა - სისტემური აუდიტის სისტემის შემუშავება“, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დამსწრეებს გააცნო თემა: „შიდა აუდიტის სამსახურის სამუშაო პრაქტიკა“, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა წარადგინა პრეზენტაცია - „ეფექტიანობის აუდიტის საპილოტე პროექტი“.
პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ ონლაინ შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს, ერთმანეთს გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს.
ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჯგუფი სოციალურ ქსელში - „საქართველოს შიდა აუდიტორები“, სადაც მუნიციპალიტეტების და სხვა საჯარო სამსახურების შიდა აუდიტორები გაერთიანდნენ. ჯგუფს ადმინისტრირებას საჯარო აუდიტის ინსტიტუტი გაუწევს და საკონსულტაციო როლს შეასრულებს სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი აუდიტორებისთვის.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საგრანტო კონკურსის პროექტის ფარგლებში - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებში შიდა აუდიტის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას.
ტრენინგკურსს საჯარო და კერძო სექტორის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

