საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგკურსი დაიწყო
25 სექტემბერი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი ტრენინგკურსი „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ დაიწყო.
ტრენინგკურსის მიზანია, მსმენელებს დაეხმაროს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების შესწავლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში, პროცედურების დანერგვაში.
„რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ კურსის სასწავლო მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებების განზოგადებულ პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული.
ტრენინგკურსს დისტანციურ რეჟიმში ორი ჯგუფი გაივლის. მსმენელებს შორის პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან.
ტრენინგკურსის სხვადასხვა თემატურ მიმართულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები: სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაზა შეყილაძე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზურაბ მაისურაძე და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გურამ დუმბაძე უძღვებიან.
ტრენინგკურსი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება და წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.