სერტიფიცირების საშემოდგომო კურსი დაიწყო

28 სექტემბერი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო ონლაინკურსი დაიწყო.

მსმენელები ხუთ  მოდულს შეისწავლიან - საბიუჯეტო კანონმდებლობა, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS), ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი.

სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო ონლაინკურსს 19 მსმენელი ჰყავს.  მათ შორის არიან  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ასევე  კერძო აუდიტორული კომპანიების და  საბანკო სფეროს წარმომადგენლები. 

ასევე მსმენელებს შორის, ხუთი მაგისტრანტია,  ისინი იმ  უნივერსიტეტებს  წარმოადგენენ,რომლებთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტს თანამშრომლობის  მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ხუთივე მაგისტრანტი ამ მემორანდუმით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს. 
   
მიმდინარე სასერტიფიკაციო პროგრამა, მთლიანად განახლებულ ფორმატში ჩატარდება. მსმენელები პირველად ისარგებლებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ შექმნილი სერტიფიცირების სახელმძღვანელოთი. სახელმძღვანელო ავტორთა ჯგუფმა მოამზადა და ის მსმენელებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების  ეფექტურად ათვისებაში დაეხმარება.

სასერტიფიკაციო პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები უძღვებიან.

კურსი  28 სექტემბრიდან 22 იანვრამდე გაგრძელდება. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ  მსმენელები სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია