საჯარო აუდიტის ინსტიტუტი USAID-ის ახალ პროგრამაში ერთვება
23 მარტი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობას „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ფარგლებში განაგრძობს.
USAID-ის ახალი პროგრამის მიზნების და მიმართულებების შესახებ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „საჯარო მმართველობის პროგრამის“ მმართველ გუნდთან შეხვედრა გაიმართა.
ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პროგრამის ხელმძღვანელებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჭიროებები და სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებები გააცნეს. ასევე წარუდგინეს ინფორმაცია „კარგი მმართველობის ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით ინსტიტუტში განხორციელებულ პროექტებზე.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ,,კარგი მმართველობის ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა.
ასევე, გასული წლის დეკემბერში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამის გაცნობასთან დაკავშირებულ შეხვედრას „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელი რიჩარდ ჰეიზელვუდი, საზედამხედველო ინსტიტუტის მიმართულების ხელმძღვანელი ირინა არაბიძე, მმართველი ინსტიტუტის მიმართულების ხელმძღვანელი ანა გვენეტაძე, მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი ანა ახალკაცი, საჯარო აუდიტის ინსტიტუტიდან კი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი გელა წიკლაური, დირექტორის მოადგილე არჩილ კიკვაძე, სერტიფიცირების და ტრენინგების სამსახურის უფროსი თინათინ სიყმაშვილი და აკრედიტირებული პროგრამების და ტრენინგების განვითარების კოორდინატორი გვანცა ვახტანგაშვილი ესწრებოდნენ.