საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორების საქმიანობის კვლევა ჩაატარა
01 აპრილი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა გამოეკვეთა საჯარო აუდიტის ინსიტუტის მიერ სერტიფიცირებული აუდიტორების აქტივობა და მათი წილი საჯარო სექტორში ჩატარებულ აუდიტებში.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვთ მხოლოდ სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებულ აუდიტორებს.
კვლევის პროცესში ინსტიტუტმა შეისწავლა 93 საბიუჯეტო ორგანიზაციაში 2019-2020 წლების აუდიტები, რომლებიც როგორც კერძო აუდიტორებმა, ასევე აუდიტორულმა კომპანიებმა ჩაატარეს.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჯარო სექტორში, რიგ შემთხვევებში, აუდიტორულ მომსახურებას საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სერტიფიკატის არმქონე აუდიტორები ახორციელებენ.
კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებები/შემსყიდველი ორგანიზაციები აუდიტორული მომსახურების შეძენისას პრეტენდენტებისგან არ ითხოვენ საჯარო სექტორის აუდიტორის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონას.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შემსყიდველმა პრეტენდენტისგან უნდა მოითხოვოს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გამოქვეყნებულია სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე www.sai.ge. სერტიფიკატის მოქმედების პერიოდი უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს.