კერძო და საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის შიდა აუდიტის კურსი დასრულდა
29 აპრილი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის სასწავლო კურსი დაასრულა.
ტრენინგს თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, მისო „კრისტალის“, მცხეთის, ნინოწმინდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კურსის მიზანია, მოქმედი და მომავალი შიდა აუდიტორები გაეცნონ ქართულ რეალობასთან ადაპტირებულ შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და ტექნიკებს, შეძლონ სხვადასხვა შიდა აუდიტორული საქმიანობის შესრულება ინდივიდუალური მომსახურების გაწევის მთელი ციკლის განმავლობაში და წარმოაჩინონ შიდა აუდიტის მიერ შექმნილი შიდა ორგანიზაციული სარგებელი.
ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში, 5 აპრილიდან მიმდინარეობდა. გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე უძღვებოდა.