სერტიფიცირების პროგრამას -თბილისის ღია უნივერსიტეტი შეუერთდა
01 ივნისი, 2018„საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამას“, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა 7 უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმა, თბილისის ღია უნივერსიტეტი შეუერთდა.
პროგრამის შესახებ ინფორმაცია თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, ბაკალავრის ხარისხის მქონე და მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში და გაიარონ სასწავლო კურსი.
სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ 5 წლიან სერტიფიკატს, რომელიც მათ საჯარო სექტორში აუდიტორული საქმიანობის უფლებას აძლევს. სასწავლო კურსი 1 ივნისს იწყება და 3 თვეს მოიცავს.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე 2011 წელს ჩამოყალიბდა. ინსტიტუტი საჯარო სექტორის აუდიტორთა პროფესიულ განვითარებასა და ამით საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ინსტიტუტში მუშაობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე აგებული სასერტიფიკაციო და ტრენინგ პროგრამები.