ტრენინგი - „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ კიდევ 16-მა საჯარო მოხელემ გაიარა
02 მარტი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მორიგი ტრენინგკურსი - „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ - დაასრულა.
ტრენინგკურსი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას 16 მსმენელი ორ ნაკადად დაესწრო. მსმენელებს შორის იუსტიციის სახლის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის,საარჩევნო სისტემების განვითარების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.
ტრენინგკურსის მიზანია, მსმენელებს დაეხმაროს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების შესწავლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში, პროცედურების დანერგვაში.
„რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ კურსის სასწავლო მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებების განზოგადებულ პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული.
ტრენინგკურსი სხვადასხვა თემატურ მიმართულებას მოიცავდა, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები: სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაზა შეყილაძე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზურაბ მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გურამ დუმბაძე უძღვებოდნენ.