ტრენინგი - „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ - 14-მა საჯარო მოხელემ გაიარა
22 ივნისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიის თანამშრომლებს კორპორატიული ტრენინგკურსების ფარგლებში ახალი ტრენინგკურსი - „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ შესთავაზა.
კურსი გათვლილი იყო მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებისთვის და მას სოციალურ საკითხებზე მომუშავე 14 სხვადასხვა სპეციალისტი დაესწრო.
ტრენინგკურსი „სოციალური პოლიტიკის წარმოება ადგილობრივ დონეზე“ სოციალური მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. ტრენინგის თემები იყო სოციალური პოლიტიკის არსი და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი და დელეგირებული ფუნქციები,ოჯახში და ბავშვთა მიმართ ძალადობა.
ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.
ტრენინგკურსს უძღვებოდა მარი წერეთელი, რომელსაც სოციალური დაცვისა და სოციალური ინკლუზიის საკითხებში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.