ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ დასრულდა
09 ივნისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი კურსის „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“- პირველი ნაკადის ტრენინგი დაასრულა. ეს ერთ-ერთი ახალი სასწავლო მოდულია, რომლის საჭიროებაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ანალიზის შედეგად გამოკვეთა.
პირველი ტრენინგკურსი გენერალური პროკურატურისთვის კორპორატიული დაკვეთით ჩატარდა, ამ ნაკადში კი სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები იყვნენ ჩართული. სამდღიან ტრენინგს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, ა(ა)იპ ოუფენ ნეტი-ლოჯისტიკის, თელავის, ტყიბულის, ხაშურის, ბორჯომის, ზესტაფონის, ონის მუნიციპალიტეტების 23 თანამშრომელი ესწრებოდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს, მათ შორის აქტივების ფაქტობრივი აღწერის, გადახრების დადგენის და აღრიცხვა-ანგარიშგებაში აღრიცხვის წესებს.
ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.