ტრენინგკურსი - „საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეები“ დასრულდა
21 ნოემბერი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული ტრენინგი „საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეები“ დასრულდა.
ტრენინგკურსი დისტანციურ რეჟიმში ორი დღე მიმდინარეობდა. ექვსსაათიანი მოდულის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლების სახეებს და საგადასახადო კანონმდებლობით მათი დაბეგვრის წესებს. ამავდროულად, განხილული იყო არარეზიდენტი პირების მიერ მიღებული შემოსავლების სათანადო საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისა და დეკლარირების წესები. ტრენინგის მსვლელობისას ყურადღება დაეთმო დამატებული ღირებულების გადასახადის უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციების იდენტიფიცირებას, გაანგარიშების ფორმას და დეკლარირების წესს.
კურსს მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის 11 თანამშრომელი ესწრებოდა.
ტრენინგს სფეროს ექსპერტი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი იონა კიზირია უძღვებოდა.
