IPSAS-ის ტრენინგკურსი 21-მა საჯარო მოხელემ გაიარა
20 მარტი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსის - „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად“- მორიგი ნაკადის სწავლება დაასრულა.
ტრენინგს საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ცაგერის, მესტიის მუნიციპალიტეტების მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მიზანია პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სსბასს-ის (IPSAS) მოთხოვნების შესახებ.
თეორიულ მასალასთან ერთად მსმენელებმა პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს,რაც ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა. ტრენინგი ოთხ დღეს გაგრძელდა და ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ეს ვალდებულება 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
ტრენინგი მიმდინარე წელს მეორედ ჩატარდა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ანა ბურდიაშვილი უძღვებოდა.